ილია ვერძაძე: არც ეუთო/ოდირის დასკვნაში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში კონკრეტიკა არ არის. ვერ ამბობენ, კონკრეტულად რომელი მუხლი აფუჭებს საქმეს და რომელი მუხლი რა პრობლემას ქმნის. ამაზე საუბარი არ არის.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ილია ვერძაძის განცხადება არის ტყუილი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკვე ამოქმედდა. კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ხელის მოწერაზე უარი თქვა, კანონს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სანამ კანონპროექტი კანონად იქცეოდა, ქვეყნის შიგნით მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა და ჩვენი ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიუთითეს იმ საფრთხეებზე, რომლებსაც აღნიშნული კანონი ქვეყნისთვის გამოიწვევდა. პოლიტიკურმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა არც მრავალრიცხოვანი აქციები, არც პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების შენიშვნები და რეკომენდაციები. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთზე თავდასხმა კიდევ უფრო გააძლიერა მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირისა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის დასკვნები გამოქვეყნდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დასკვნებში, კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით, არაფერი წერია და მათ არანაირი დანიშნულება არ აქვს. „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე ასეთი განცხადება გადაამოწმა (სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4).
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკას უცვლელად იმეორებს რეგიონებში წარმოდგენილი პოლიტიკური უმრავლესობა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემაში „მთავარი აჭარაში ლაშა ზარგინავასთან ერთად“ სტუმრობისას, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრმა ილია ვერძაძემ განაცხადა: „არც ეუთო/ოდირის დასკვნაში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში კონკრეტიკა არ არის. ვერ ამბობენ, კონკრეტულად რომელი მუხლი აფუჭებს საქმეს და რომელი მუხლი რა პრობლემას ქმნის. ამაზე საუბარი არ არის.“
„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გააცნოს აუდიტორიას, რა წერია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნებში და რატომ არის ტყუილი ამ შინაარსის განცხადებები.
ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ კანონი უფლების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტით შეაფასა, რაც სწორედ კანონის სამართლებრივი ნიუანსების შემოწმებას გულისხმობს. აღნიშნული სტანდარტი მოიცავს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობა/პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კომპონენტებს. ორგანიზაციებმა მკაფიოდ მიუთითეს, რომ კანონი უფლებების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისთვის, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებით.
ეუთო/ოდირიც და ვენეციის კომისიაც ხაზს უსვამს, რომ უცხოური დაფინანსება, ცალსახად, არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც უცხოური გავლენა და ამდენად, არ უნდა იყოს მიჩნეული რეესტრში რეგისტრაციის ლეგიტიმურ საფუძვლად. კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ „კანონით გათვალისწინებულობის“ კრიტერიუმი, თავისი შინაარსით, გულისხმობს არა მხოლოდ შეზღუდვისთვის კანონის არსებობას, არამედ ამ კანონის ხარისხის შეფასებასაც. ეს კრიტერიუმი მოითხოვს, რომ ნებისმიერი შემზღუდველი კანონი, მისი პოტენციური ადრესატებისთვის, ცხადი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი უნდა იყოს . ვენეციის კომისია კი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს სიცხადე/განჭვრეტადობა აკლია, ხოლო მისი მოქმედების სფერო ძალიან ფართოა, რაც სახელმწიფო ორგანოებს ზედმეტად ფართო დისკრეციას აძლევს. კერძოდ, „უცხოურ ძალად“ იდენტიფიცირდება ძალიან ფართო წრე, უცხო ქვეყნის სამთავრობო ორგანოდან დაწყებული, საქართველოს არამოქალაქე ნებისმიერი ფიზიკური პირის ჩათვლით. რაც შეეხება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას“, ეს სტატუსი უკავშირდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივ ფორმასა და იმას, რომ მისი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს „უცხოური ძალის“ მიერ მიწოდებული დაფინანსება შეადგენს. ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინების ერთიანობის საფუძველზე, კანონის მოქმედების სფეროში მოექცევა ორგანიზაციათა ფართო წრე, განუჭვრეტად კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „არაერთი ისეთი ვალდებულების არსებობის მიუხედავად, რომლებიც გამართლებულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაეკისროს, ისინი კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორს არ უნდა მიემართებოდეს, ან არ უნდა მიიჩნეოდეს, რომ უცხოურ დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია უცხო ძალის ინტერესების გამტარებელია.“
დასკვნაში საუბარია კანონის შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს ადამიანური განზომილების ვალდებულებებთან. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება გაერთიანების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, ასევე ისეთ უფლებებს, როგორებიცაა „პირადი ცხოვრების პატივისცემა, მონაწილეობა საჯარო საქმეებში და დისკრიმინაციისგან თავისუფლება“. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ დაფინანსებაზე, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, გაერთიანების თავისუფლების უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია და ხაზს უსვამს, რომ გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ არის გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.
ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის დასკვნებში აღნიშნულია, რომ კანონი აწესებს რეგისტრაციის, ანგარიშგების და საჯარო გამჟღავნების ახალ მოთხოვნებს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, მედიააქტორებისთვის, ინტერნეტდომენის მფლობელის ან მომხმარებლისთვის, რომლებიც იღებენ თავიანთი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან. ეს აჩენს რისკს, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციებისა და მედიის ფუნქციონირება გაუარესდება, შეიზღუდება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ დისკურსზე. „უფრო მეტიც, ტერმინი „უცხო ძალა“, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოიცავს საერთაშორისო ან მთავრობათაშორის ორგანიზაციებს, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომელთა წევრიც საქართველოა. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას დახმარების ან განვითარების აქტივობებისთვის, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, განიმარტება, როგორც უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენელი“, - წერია დასკვნაში. იქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიხედვით, არ არის შეფასებული ის პოტენციური ნეგატიური გავლენები, რომლებიც მას ექნება ადამიანის უფლებებზე. ასევე არ ჩანს, რომ კანონმდებლებმა სხვა სამართლებრივი ალტერნატივები განიხილეს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი ზომები შეარჩიეს.
ვენეციის კომისიამ „აუცილებლობის“ კომპონენტის შეფასებისას, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს სთხოვს, რომ დარეგისტრირდნენ და წარადგინონ ანგარიშები, მათ შორის, მათი დაფინანსების წყაროების ჩათვლით. ამის მიუხედავად, აქამდე არ წარმოდგენილა დამაჯერებელი ახსნა/განმარტება, თუ რატომ იქნებოდა არსებული ვალდებულებები არასაკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
კომისია კანონის კონკრეტული მუხლების იმპლიკაციასაც აკრიტიკებს. მაგალითად, კანონის მე-5 მუხლთან მიმართებით (განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა), აღნიშნავს, რომ ყველაზე სენსიტიურია ორგანიზაციების დოკუმენტების საჯაროობის ნაწილი, რადგან ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, მაგალითად, კორუფციის გაშუქებაზე კონცენტრირებული ორგანიზაციების არსებობას, რადგან მათი იდენტიფიცირება მათ სტიგმასა და შევიწროებას ახალისებს. კომისია კანონის მე-8 მუხლსაც (მონიტორინგი) აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი ადვილად შეიძლება გამოიყენებოდეს ორგანიზაციების შევიწროების იარაღად. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, კომისია აღნიშნავს, რომ კანონის მე-9 მუხლით, მკაცრი ადმინისტრაციული სანქციებია გათვალისწინებული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც არღვევს კანონით ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო, ბოლო ცვლილებებმა კიდევ დააწესა ჯარიმები 5000 ლარის ოდენობით, „პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობაზე“. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ სანქციები, რომლებსაც შეუძლია შეაჩეროს ორგანიზაციების ეფექტური მუშაობა, განსაკუთრებული ხასიათისაა და ისინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა სერიოზულ, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ან ცალკეული ჯგუფების უსაფრთხოებას ან დემოკრატიულ პრინციპებს.
ეუთო/ოდირის დასკვნა უყურადღებოდ არ ტოვებს აღნიშნული კანონის შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციასთან და მიუთითებს: მე-15 და მე-17 მუხლებზე, რომლებითაც გარანტირებულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის თავისუფლება; პირადი და ოჯახური კონფიდენციალურობის, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის კონფიდენციალურობის უფლებები, აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. ასევე საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლითაც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ამ მუხლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ოდირის დასკვნაში საქართველოს კანონი შედარებულია იმ ქვეყნების კანონებთან, რომლებსაც მმართველი პარტია კანონის მიღების გასამართლებლად იყენებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული კანონი ფუნდამენტურად განსხვავდება აშშ-ის FARA-ს ან ავსტრალიის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტისგან, რაც კანონების გამოყენებასა და მიზანში მდგომარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონების მოთხოვნით, კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა და ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ უნდა დარეგისტრირდნენ, ისინი არ მიიჩნევენ ყველა მედია ან სამოქალაქო ორგანიზაციას უცხოეთის წარმომადგენლად მხოლოდ იმიტომ, რომ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ორგანიზაცია ხელისუფლებას კანონის გაუქმებისა და კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ხელისუფლებას ისეთი საკანონმდებლო ან სხვა გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომლებიც საკითხს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოაგვარებს.
მსგავს გარემოებებზე საუბარია ვენეციის კომისიის დასკვნაშიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ორგანიზაციის შეფასება, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსების ავტომატურად მიჩნევა უცხოურ გავლენად, არ არის საკმარისი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიებზე ამგვარი შემზღუდავი ღონისძიებების დასაწესებლად. საქართველოს ხელისუფლების არგუმენტზე, რომ კანონის საშუალებით დეზინფორმაციას შეებრძოლება, ვენეციის კომისია მას პოლიტიკური გამოხატვისთვის სივრცის შექმნისა და დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას შეახსენებს და ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების კრიტიკა არ შეიძლება დეზინფორმაციად მიიჩნეოდეს. აღნიშნული კანონი კი გამოწვევაა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის, ქმნის მათი გაჩუმებისა და დახურვის, პლურალიზმისა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საფრთხეს, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამოა. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ კანონი „ლეგიტიმური მიზნის“ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და საქართველოს კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ილია ვერძაძის განცხადება, თითქოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნებში არ წერია, რომელი მუხლი რა პრობლემას ქმნის, არის ტყუილი.